კათედრები

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა

ნინო ახვლედიანი – კათედრის გამგე

    ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტის ბირთვს წარმოადგენს ენა, როგორც პიროვნების თვითგამოხატვის, აზრის ჩამოყალიბებისა და გადაცემის საშუალება. ენობრივი უნარ-ჩვევები უნდა წარმოვიდგინოთ არა როგორც მათი შემთხვევითი ნაკრები, არამედ როგორც ერთი მთლიანი სისტემა. მან ხელი უნდა შეუწყოს პიროვნების პირადი, ცხოვრებისეული, სოციალური თუ პროფესიული სირთულეების დამოუკიდებლად დაძლევის პროცესს, ვინაიდან ქართული ენა მხოლოდ ერთ-ერთი სასწავლო საგანი კი არ არის, არამედ, სხვა საგანთაგან განსხვავებით, სწავლების ენაა, ყველა დანარჩენი საგნის შესწავლის საშუალებაა.

პიროვნების საერთო კულტურა, საკომუნიკაციო და პროფესიული უნარ–ჩვევები სწორეს მშობლიური ენის საფუძველზე ყალიბდება. ის ქმნის იმ ძირითად ბაზისს, რომელსაც ეფუძნება ადამიანის თავისუფალი განვითარების მთელი შემდგომი პროცესი. სწორედ ამის გათვალისწინებით განისაზღვრება ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ძირითადი მიზნები:

  • განუვითაროს მოზარდს ძირითადი სამეტყველო უნარები (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი);
  • გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა;
  • განუვითაროს საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით გამოთქმისა და სხვადასხვა დანიშნულების წერილობითი ტექსტის შექმნის უნარი;
  • ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების უნარი;
  • შეაყვაროს კითხვა; გამოუმუშაოს ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარი; 
  • გააცნობიერებინოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურა, როგორც ცვლილებისა და განვითარების მუდმივმოქმედი პროცესი.

 საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება სკოლაში ითვალისწინებს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას. ამგვარ ამოცანებს წარმოადგენს:

  • კალიგრაფიული კულტურის გამომუშავება;
  • ლექსიკური მარაგის შევსება-გამდიდრება;
  • აზრის ცხადად, ლაკონიურად, მკაფიოდ და მწყობრად გამოხატვის უნარის ჩამოყალიბება;
  • მსჯელობის უნარის განვითარება;
  • სააზროვნო მოქმედებათა (ანალიზი, შედარება, განზოგადება) განვითარება ენობრივ (ტექსტობრივ) საფუძველზე;
  • ფუნქციურად და შინაარსობრივად მრავალფეროვანი ტექსტების შესწავლისა და გააზრების უნარის ჩამოყალიბება;
  • ტექსტებთან შემოქმედებითი (თავისუფალი) დამოკიდებულების გამომუშავება;
  • დისკუსიებში მონაწილეობა, მონოლოგური და დიალოგური მეტყველების უნარ-ჩვევათა ჩამოყალიბება;
  • ტექსტის ანალიზის უნარის განვითარება;
  • საგანმანათლებლო მიზნით სხვადასხვა რესურსით (ლექსიკონები, ბიბლიოთეკა, ინტერნეტი და სხვ.) სარგებლობა;
  • სამეტყველო ეტიკეტის ნორმების დაცვა;
  • ტექსტის აგების კანონზომიერების გათვალისწინებით ტექსტის შექმნა;
  • მიზნობრივი ამოცანის შესატყვისი სტილით წერა და მეტყველება;
  • ორთოგრაფიული და პუნქტუაციური ნორმების სათანადოდ გამოყენება;
  • სხვადასხვა სახის, სტილისა და ჟანრის ტექსტების ანალიზისა და შექმნის უნარის გამომუშავება;
  • მწერლის შემოქმედების გააზრება სუბიექტური (მწერლის ცხოვრების მნიშვნელოვანი ფაქტები და მომენტები) და ობიექტური (ეპოქის ზოგადი კონტექსტი) ფაქტორების გათვალისწინებით;
  • ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემატიკის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, პიროვნული პოზიციის ჩამოყალიბება და მისი არგუმენტირება;
  • ლიტერატურულ ნაწარმოებებში ასახული ფასეულობების აღქმა-გააზრება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;
  • ქართული და მსოფლიო ლიტერატურული პროცესებისა და უნივერსალური ლიტერატურული თემების ურთიერთკავშირის გააზრება.

 



 მათემატიკის კათედრა

თამარ მოდებაძე– კათედრის გამგე

     თანამედროვე ეპოქაში მათემატიკა ცხოვრების განუყრელი ნაწილია. იგი გამოიყენება ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში: მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში, მედიცინაში, ეკონომიკაში, გარემოს დაცვასა და აღდგენა-კეთილმოწყობაში, სოციალურ გადაწყვეტილებათა მიღებაში. აგრეთვე აღსანიშნავია მათემატიკის განსაკუთრებული როლი კაცობრიობის განვითარებაში და თანამედროვე ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში. საინფორმაციო და გამოთვლითი ტექნოლოგიების განვითარება, სივრცე-დროის სტრუქტურის უკეთ გააზრება, ბუნებაში არსებული მრავალი კანონზომიერების აღმოჩენა და აღწერა, ნათლად წარმოაჩენს მათემატიკის სამეცნიერო და კულტურულ ღირებულებას. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათემატიკა ხელს უწყობს ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების განვითარებას. იგი იძლევა ეფექტიანი, ლაკონური და არაორაზროვანი კომუნიკაციის საშუალებას. მათემატიკის გამოყენებით შესაძლებელია რთული სიტუაციის თვალსაჩინო წარმოჩენა, მოვლენების ახსნა და მათი შედეგების განჭვრეტა. მათემატიკაში შექმნილი აბსტრაქტული სისტემები და თეორიული მოდელები გამოიყენება კანონზომიერებების შესასწავლად, სიტუაციის გასაანალიზებლად და პრობლემების გადასაჭრელად.

პრობლემის გადაჭრისას აუცილებელია მის არსში წვდომა, ადეკვატური მათემატიკური აპარატის შერჩევა, ხოლო ასეთის არ არსებობის შემთხვევაში - მისი შემუშავება; შესასწავლი პროცესისა თუ ობიექტის გააზრებული მოდელის შექმნა, მიღებული მოდელის საშუალებით საჭირო დასკვნების გაკეთება და შემდეგ მათი ინტერპრეტაცია. პრაქტიკული თუ სამეცნიერო პრობლემები, თავის მხრივ მათემატიკას ამარაგებს მნიშვნელოვანი და საინტერესო ამოცანებით. აქედან გამომდინარე, სწავლებისას მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს მათემატიკური მეთოდების გამოყენებას გარემომცველი სამყაროს შემეცნებისას, სოციალურ-ეკონომიკური თუ ტექნიკური პროცესების მართვისას, საყოფაცხოვრებო თუ მეცნიერული პრობლემების გადაჭრისას და მათემატიკური ცოდნის, როგორც ლოგიკურად გამართული სისტემის ჩამოყალიბებას და გადაცემას. გარდა ამისა, მათემატიკის სწავლებისას, ძირითადი ფოკუსის გადატანა როგორც პრაქტიკული ასევე მეცნიერული ხასიათის პრობლემების გადაჭრაზე, აძლიერებს მოსწავლეთა მოტივაციას და აღძრავს მათემატიკისადმი ინტერესს.

 საგნის სწავლების მიზნები და ამოცანები

 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში მათემატიკის სწავლების ძირითადი მიზნებია:

  • მოსწავლეებისათვის აზროვნების უნარის განვითარება;
  • დედუქციური და ინდუქციური მსჯელობის, შეხედულებათა დასაბუთების მოვლენებისა და ფაქტების ანალიზის უნარის განვითარება;
  • მათემატიკის, როგორც სამყაროს აღწერისა და მეცნიერების უნივერსალური ენის ათვისება;
  • მათემატიკის, როგორც ზოგადსაკაცობრიო კულტურის შემადგენელი ნაწილის გაცნობიერება;
  • სწავლის შემდგომი ეტაპისათვის ან პროფესიული საქმიანობისათვის მომზადება;
  • ცხოვრებისეული ამოცანების გადასაწყვეტად საჭირო ცოდნის გადაცემა და ამ ცოდნის გამოყენების უნარის განვითარება.


უცხოური ენების კათედრა

ეკა არსენიშვილი – კათედრის გამგე

     უცხოური ენა, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის განუყოფელი ნაწილი, სასკოლო განათლების მთავარი სახელმწიფო მიზნის განხორციელებას ემსახურება, კერძოდ, ეროვნულ და საკაცობრიო ღირებულებებთან ნაზიარები, თავისუფალი პიროვნების აღზრდას, რომელიც შეძლებს თავისი წვლილის შეტანას სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

      უცხოური ენის სწავლების პრიორიტეტული მიზნებია მოსწავლეს:

  • განუვითარდეს პლურილინგვური კომპეტენცია;
  • განუვითარდეს სამეტყველო უნარები (მოსმენა, კითხვა, წერა, საუბარი) ორ უცხოურ ენაზე;
  • გამოუმუშავდეს სხვა კულტურის წარმომადგენლებთან წარმატებული კომუნიკაციის უნარი;
  • ჩამოუყალიბდეს დადებითი განწყობილება ენობრივ-კულტურული მრავალფეროვნების მიმართ და გააცნობიეროს იგი, როგორც სამყაროს მრავალფეროვნების კერძო გამოვლინება;
  • განუვითარდეს განსხვავებული კულტურული კონტექსტებისა და ტექსტების გაგების უნარი;
  • მოემზადოს თანამოღვაწეობისათვის სხვადასხვა ენობრივ-კულტურული იდენტობის წარმომადგენლებთან;
  • განუვითარდეს ენების ეფექტურად სწავლის უნარი.

 ამ საგანმანათლებლო მიზნიდან გამომდინარე, უცხოური ენების სწავლება სკოლაში ითვალისწინებს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას. ეს ამოცანები სამ კატეგორიად დაიყოფა:

სხვადასხვა ტიპის ცოდნის შეძენა:

  • გრამატიკული, ლექსიკური ცოდნა;
  • მართლწერისა და მართლმეტყველების საბაზისო ნორმების ცოდნა;
  • უცხოენოვანი ქვეყნების კულტურის გაცნობა;
  • ტექსტის სახეებისა და მათი მახასიათებლების ცოდნა;
  • წერის, მოსმენის, კითხვისა და ლაპარაკის ცოდნა;

სხვადასხვა სახის უნარ-ჩვევების განვითარება:

  • სამეტყველო უნარ-ჩვევები;
  • ენობრივი უნარ-ჩვევები;
  • სტრატეგიული უნარ-ჩვევები;
  • ისეთი სამოქალაქო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, როგორებიცაა თანამშრომლობა, თავისუფალი არჩევანის გაკეთება, თვითსრულყოფა, შემოქმედებითობა და სხვა;

დამოკიდებულებების ჩამოყალიბება:

  • ინდივიდუალური მრავალფეროვნების დაფასება და პატივისცემა;
  • ენობრივ-კულტურული კუთვნილების განცდა;
  • კულტურული გარემოს თვითმყოფადობის, მისი განუმეორებლობის დაფასება და პატივისცემა;
  • პოზიტიური დამოკიდებულება როგორც კულტურული, ისე ინდივიდუალური მრავალფეროვნების მიმართ და მისი, როგორც სამყაროს მრავალფეროვნების კერძო გამოვლინების აღქმა;
  • ინტერესი უცხო სამყაროს მიმართ;
  • უცხოური ენების სწავლის სურვილი.

 

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა

თეა ბიგვავა – კათედრის გამგე

 

თანამედროვე ზოგადსაგანმანათლებლო სტანდარტი გულისხმობს მოსწავლის აღჭურვას იმ ცოდნითა და  უნარ-ჩვევებით, რომლებიც მას საშუალებას მისცემს, ალღო აუღოს კაცობრიობის სწრაფ პროგრესს, გამოიყენოს თანამედროვე მეცნიერების მიღწევები, გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. ცოდნის პასიური მიმღებიდან მოსწავლე უნდა ჩამოყალიბდეს აქტიურ შემმეცნებლად, რომელიც შეძლებს მიღებული ცოდნა გამოიყენოს როგორც პროფესიული წარმატებისათვის, ასევე საზოგადოების სასიკეთოდ.

იმისათვის, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებამ დააკმაყოფილოს აღნიშნული კრიტერიუმები, საჭიროა მოსწავლეს:             

  • გაუჩნდეს ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევის,  სიახლეთა  აღმოჩენისა და შეცნობის მიმართ;
  • განუვითარდეს ბუნებისმეტყველისათვის საჭირო ელემენტარული კვლევა-ძიებითი უნარ-ჩვევები და შეძლოს მათი სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენება;
  • გაცნობიერებული ჰქონდეს სამყაროში მიმდინარე პროცესების ერთიანობა;
  • ჩამოუყალიბდეს გარემომცველ სამყაროზე ზრუნვის უნარ-ჩვევები;
  • გამოუმუშავდეს  კრიტიკული აზროვნების და კომუნიკაციის უნარი;
  • განუვითარდეს თვითშეფასების და თვითკონტროლის, განსხვავებული აზრის მოსმენისა და შეფასების უნარი, შეეძლოს საზოგადოებაში  თავისი ადგილის განსაზღვრა;
  • მიეცეს ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესის დაუფლების შესაძლებლობა;
  • გაცნობიერებული ჰქონდეს მეცნიერების როლი კაცობრიობის პროგრესში;
  • გააზრებული ჰქონდეს ადამიანთა თანამშრომლობის აუცილებლობა კაცობრიობის განვითარებისთვის.

 

ბუნებისმეტყველების სწავლებისას ყურადღების გამახვილება განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაზე, კვლევა-ძიების უნარ-ჩვევების განვითარებასა და ცოდნის გამოყენებაზე არის როგორც თანამედროვე პედაგოგიკის, ისე ქართული კლასიკური დიდაქტიკის მოთხოვნა. იაკობ გოგებაშვილის თანახმად, ბუნების შესწავლის უმთავრესი მიზანია - “გაუხსნას ყმაწვილს თანაგრძნობა ბუნებისა, შეაყვაროს მისი გამოძიება და მისი განხილვა” (“ბუნების კარი”, I გამოცემის წინასიტყვაობა).

 


 საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრა

ეკატერინე კუხიანიძე – კათედრის გამგე

 საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია მომიჯნავე საგნები - ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება. საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში მათ საკვანძო ადგილი უკავია. ისინი ხელს უწყობს ინფორმირებული, აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის აღზრდას, აწვდის მოსწავლეს ინფორმაციას მშობლიური გარემოს შესახებ, განაპირობებს მის პატრიოტ და ჰუმანურ ადამიანად ჩამოყალიბებას. ამასთან, აღნიშნული საგნების სწავლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსწავლისათვის სამოქალაქო კომპეტენციების შემუშავებისა და საზოგადოებაში სამოქალაქო კულტურის დამკვიდრებისათვის.

 

საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების მიზნებია:

  • მოსწავლეს ცოდნა შესძინოს ისტორიის, გეოგრაფიის, სამართლის, ეკონომიკის, პოლიტიკისა და სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებების საფუძვლებში.
  • დაეხმაროს მას სამყაროს ერთ მთლიანობად აღქმაში და  მიმდინარე პროცესებში საქართველოს ადგილის განსაზღვრაში.
  • ხელი შეუწყოს მოსწავლის პატრიოტ და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბებას.
  • ხელი შეუწყოს მის თავისუფალ პიროვნებად და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას.
  • დაეხმაროს მოსწავლეს ჰუმანური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.
  • გამოუმუშავოთ მათ მტკიცე ნებისყოფა, განუვითაროს საგანგებო სიტუაციებში შეუცდომლად და უსაფრთხოდ მოქმედების უნარი, რათა მათ შეეძლონ ურთიერთდახმარება, საკუთარი და გვერდით მყოფის სიცოცხლის გადარჩენა სხვადასხვა სახის საგანგებო ვითარებაში.

 საზოგადოებრივი მეცნიერებები ხელს უწყობს ცოდნის შეძენას, რაც აუცილებელია მოზარდის თავისუფალ პიროვნებად და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბებისათვის. სხვადასხვა საზოგადოებრივი მეცნიერების შესწავლა ეხმარება მოსწავლეს, რომ მსოფლიო კონტექსტში გაიაზროს  საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები. იმავდროულად, მოსწავლემ უნდა იცოდეს, როგორ ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს გარემოს ადამიანის ამა თუ იმ მოქმედებამ, როგორ შეინარჩუნოს და დაიცვას ბუნებრივი გარემო. სწორედ, საზოგადოებრივი მეცნიერებების შესწავლით უვითარდება მოზარდს ცოდნა პირად, ოჯახურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება-განხორციელების შესახებ.  სწორედ, საზოგადოებრივი მეცნიერებების შესწავლისას ხდება ცოდნის მიღება, რომელიც ეხმარება მოსწავლეს ადამიანის უფლებების დაცვასა და პიროვნების პატივისცემაში, საკუთარი და სხვისი თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.
 

სახვითი, გამოყენებითი ხელოვნებისა და სპორტის კათედრა

ციცინო ბიჭიკაშვილი – კათედრის გამგე

პიროვნების აღზრდა და ჰარმონიული განვითარება, რაც სასკოლო განათლების ძირითად მიზანს წარმოადგენს, შეუძლებელია ხელოვნებასთან მისი ზიარების გარეშე. ხელოვნების სხვადასხვა დარგის  შესწავლა აღქმასა და გრძნობას აფაქიზებს, წარმოსახვის უნარს, შემოქმედებით მიდგომას და კრიტიკულ აზროვნებას ავითარებს, რის გარეშეც წარმოუდგენელია ადამიანის ნებისმიერი საქმიანობა.
პიროვნების აღზრდა-განვითარებისთვის აუცილებელი შრომითი საქმიანობა ახალი სასწავლო გეგმის მიხედვით ხელოვნების სწავლებასთან არის ინტეგრირებული. ამ ინტეგრირების საფუძველს სახვითი ხელოვნების სწავლებაში გამოყენებით-დეკორატიული ხელოვნების ელემენტების ჩართვა წარმოადგენს.
საგნის სწავლებისას ყურადღება მახვილდება განწყობა-დამოკიდებულებების, პრაქტიკული, შემოქმედებითი და კვლევა-ძიების უნარ-ჩვევების განვითარებაზე, ცოდნის გამოყენებაზე.

 

           სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიზანია:

  • მოსწავლის ჩაბმა შემოქმედებით და საინტერპრეტაციო საქმიანობაში და ამ გზით მის­თვის მშვე­ნიერების განცდის და წარმოსახვის უნარის განვითარება
  • ხელოვნების ნიმუშების აღქმის უნარის ჩამოყალიბება და ამ ნიადაგზე მუდმივი ინტერესისა და სიყვარულის გაღვივება ხელოვნებისადმი
  • ხელოვნების უნივერსალური ენის შესწავლა და  მისი საშუალებით ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ ფასეულობებთან ზიარება, სამყაროს ერთიანობის განცდის ჩამოყალიბება
  • გარემოს ესთეტიკური აღქმისა და მოწესრიგების უნარ-ჩვევების გამომუშავება
  • შემოქმედებითი საქმიანობის ტექნიკურ საშუალებათა დაუფლება და შრომის  უნარ-ჩვევის ჩამოყალიბება.

 

 

 

აბიტურიენტთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასში" დაიწყო ფუნქციონირება საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელმა ჯგუფებმა შემდეგ საგნებში: ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.  მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

საშაბათო სკოლა

სკოლა "პეგასში" ფუნქციონირებს საშაბათო სკოლა V- XI კლასების ჩათვლით. მეცადინეობები ტარდება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკასა და გეოგრაფიაში. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.   მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

განცხადება

სკოლა "პეგასთან" არსებული სამუსიკო სტუდია აცხადებს მოსწავლეთა მიღებას ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრის შემსწავლელ კურსებზე. მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

მშობელთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასი" გთავაზობთ იმ წრეების ჩამონათვალს, რომელთა არჩევის საშუალება გექნებათ მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში. გთხოვთ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი წრე.

 

განათლების სამინისტრო

gamocdebis erovnuli centri

buki

tpdc

xarisxis martva

skoool

bloger